logo
ENG



"არასრულწლოვანს მოწყალების თხოვნასა და ქურდობას აიძულებდა" - ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

26 დეკ 202220:13
3 წუთის საკითხავი
 
"არასრულწლოვანს მოწყალების თხოვნასა და ქურდობას აიძულებდა" - ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა მოქალაქეს, რომელიც 12 წლის მოზარდს თბილისის ქუჩებში მოწყალების თხოვნასა და წვრილმანი ნივთების ქურდობას აიძულებდა, შეგროვებულ თანხას კი თვითონ განკარგავდა.

უწყების ცნობით, დაკავებულს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

"საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სარგებლის მიღების მიზნით 12 წლის არასრულწლოვანი გადაიბირა და შრომით ექსპლუატაციას უწევდა მას.

ბრალდებული მუქარით და ფსიქოლოგიური ზეწოლით დაზარალებულს აიძულებდა თბილისის ქუჩებში მოწყალების მოთხოვნას და სხვადასხვა წვრილმანი ნივთების ქურდობას. აღნიშნულის შედეგად შეგროვებულ თანხას კი თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება"- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.


close დახურვა